თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 5 თებერვალს ჯუზეპე ვერდის ოპერა „ნაბუკოს“ პრემიერა გაიმართება.
„ნაბუკო“ ოთხმოქმედებიანი ოპერაა. ლიბრეტოს ავტორია თემისტოკლე სოლერა. ოპერას ბიბლიაში აღწერილი მოვლენები უდევს საფუძვლად.
„ნაბუკო“ („ნაბუქოდონოსორი") ვერდიმ 1841 წელს შექმნა, ხოლო პრემიერა მილანის „ლა სკალას“ სცენაზე 1842 წლის 9 მარტს გაიმართა. საქართველოში ოპერა 1859–1860 წლებში დაიდგა.
ვერდის უკვდავ ნაწარმოებს შეასრულებენ ოპერის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი. დამდგმელი რეჟისორია მარტინშ ოზოლინში, მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი, ხოლო სპექტაკლის რეჟისურა და სცენოგრაფია ენრიკო სტინჩელის ეკუთვნის.
ოპერის საპრემიერო წარმოდგენები გაიმართება 5, 6, 11, 12 და 13 თებერვალს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ონლაინ.