განაჩენის გამო ჯაფარიძეს შეიძლება დეპუტატის მანდატი ჩამოართვან

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ადგილი პარლამენტში ეჭვქვეშ დადგა.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გამამტყუნებელი განაჩენის გამო შეიძლება დეპუტატის მანდატი დაკარგოს – ასეთი გარემოება საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
„თიბისი ბანკის“ (TBC Bank) დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო თაღლითობაში და თითოეულს 7 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე (2008 წელი), საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი დამნაშავედ არის აღიარებული განაჩენის ამოქმედების საფუძველზე, მას შეიძლება სადეპუტატო უფლებამოსილება ჩამოართვან.
ომბუდსმენი: „ფულის გათეთრების" საქმეში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალეულობა არ მტკიცდება>>
პარლამენტის რეგლამენტით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს 15 დღე ექნება განაჩენის ამოქმედებიდან, რომ მიმართოს ბიუროს ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით.
საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით უნდა მიიღონ.
ქართველ ბანკირს მხარი დაუჭირა ათობით ბანკირმა მთელი მსოფლიოდან
ჯაფარიძე, ხაზარაძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაახლოებით 16,8 მლნ დოლარის ტრანზაქციების გამო მისცეს. თავდაპირველად მათ ბრალად ედებოდათ ფულის გათეთრება, მაგრამ განაჩენის გამოტანის დღეს მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმე გადაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლზე.
ეს საქმე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო. სამი წლის განმავლობაში, სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ არ ყოფილა ფულის გათეთრება და მათ პოლიტიკური მოტივებით დევნიან. ხაზარაძისა და ჯაფარიძის განცხადებით, ისინი ბანკის გადასარჩენად მოქმედებდნენ.