დისტანციური სწავლების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა

ონლაინ-სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. ახალი სემესტრიდან, რომელიც 17 იანვარს დაიწყება, ონლაინ-სწავლებაზე გადასვლის განაცხადი 5.156-მა მშობელმა შეიტანა, 6.277-მა კი ონლაინ-სწავლების რეგისტრაცია გააუქმა.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge.
ონლაინ-სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
უწყების განმარტებით, ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, მათთვის ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
სასწავლო პროცესი 17 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში გაგრძელდება. მაგრამ სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.
გასულ სემესტრში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისას სწავლის დისტანციურ რეჟიმზე სკოლები ან ცალკეული კლასები გადადიოდა.