თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მას სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუჩერებს, იგი ამას შეაფასებს როგორც პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის დაწყებას.
ოთხშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ (TBC Bank) დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო თაღლითობაში და თითოეულს 7 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე (2008 წელი), საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. თუმცა, გამამტყუნებელი განაჩენის გამო ჯაფარიძემ შეიძლება დეპუტატის მანდატი დაკარგოს – ასეთი გარემოება საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
„თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის, მაგრამ ჯერჯერობით „ქართული ოცნების” მხრიდან ამ საკითხზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია”, – განაცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი დამნაშავედ არის აღიარებული განაჩენის ძალაში შესვლის საფუძველზე, მას შეიძლება სადეპუტატო უფლებამოსილება ჩამოართვან.
პარლამენტის რეგლამენტით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ 15 დღე ექნება იმისთვის, რომ მიმართოს ბიუროს ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით.
საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით უნდა მიიღონ.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საკმაო ადგილს ფლობს იმისთვის, რომ ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუჩეროს, აცხადებენ, რომ საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.