მცდელობა №5: ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს

თვეზე მეტია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სათათბირო ორგანო ხელმძღვანელის გარეშეა.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა, მანამდე გამართული ოთხი სხდომის მსგავსად, ისევ გადაიდო.
დეპუტატებმა ვერც ამჯერად შეძლეს საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა.
სხდომის ჩაშლის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა. 45-წევრიან საკრებულოში 24 წევრი არ გამოცხადდა. სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამოუცხადეს ბოიკოტი.
საკრებულოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატ ირაკლი გოგოხიას განცხადებით, საკრებულოს სხდომა ერთი თვით გადაიდო და თუ რომელიმე ფრაქციას სურს მისი ადრე ჩატარება, შეუძლია მიმართოს საკრებულოს.
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა
თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ზუგდიდის სათათბირო ორგანოში 22 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 20 კი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. კიდევ სამი ადგილი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მოიპოვა.
„ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი აგრეთვე რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში. ამასთან, ყველა ამ ქალაქსა და რაიონში, წალენჯიხის გარდა, მერის თანამდებობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უკავიათ.