თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. მოსწავლეებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაღუპული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ყველა მოზარდის გათავისუფლებას ითხოვს.
11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო კიდევ ერთი პირი – მღვდელმსახურის შვილი გიორგი მენაბდე. ახალგაზრდა სარალიძის მკვლელობიდან სამი წლის შემდეგ, 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს. მას 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.
„ყველას ვპატიობ მათ დანაშაულს. დარჩა მხოლოდ ჩინოვნიკების დანაშაული. მოვითხოვ პროკურორების ფხაკაძის, გუგუშვილისა და ფიფიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მოკლული მოზარდის მამის თქმით, იგი ბრძოლას გააგრძელებს იმისთვის, რომ დაისაჯოს ყველა ჩინოვნიკი, ვინც მართლმსაჯულების აღსრულებას ხელი შეუშალა.
სარალიძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ყველა ახალგაზრდის შეწყალებას სთხოვს.
მკვლელობის საქმე
2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა.
თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, საზოგადოების ზეწოლიდან გამომდინარე საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, შსს-მ კი საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.
2017 წლის 1 დეკემბრის სისხლიანი ინციდენტის გამოძიების პროცესში ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი მალევე დააკავეს.
2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. მოგვიანებით, 2019 წლის ივნისში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს აგრეთვე მიხეილ კალანდია.
საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართეს, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში. შედეგად ბარბაქაძეს და კალანდიას თითოეულს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, 2020 წლის 28 იანვარს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობდა.
დეკემბერში მას დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით. ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის 30 დეკემბერს დატოვა.