სუმო: ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე მესამედ დამარცხდა

სუმოს ელიტურ დივიზიონში პოზიციის შენარჩუნებისთვის ტოჩინოშინმა ტურნირი დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე იანვრის ბაშოზე 34 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მეოთხე საჭიდაო დღეს დამარცხდა.
ტოჩინოშინმა, რომელიც ჰაცუ ბაშოზე მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, ბრძოლა კაისეისთან გამართა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ორთაბრძოლა დაახლოებით 25 წამს გაგრძელდა. შეჯახების შემდეგ სუმოისტებმა მავაშში ჩავლების აღება მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ კაისეიმ ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა მოახერხა.
ლევან გორგაძესთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხია. ქართველმა სუმოისტმა იანვრის სუპერტურნირი გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ კი შეხვედრა სამჯერ დათმო. ქართველი სუმოისტის მეტოქე მეხუთე საჭიდაო დღეს მე-17 მაეგაშირა კოტოეკო იქნება.
ტოჩინოშინი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს>>
აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძის პროფესიულ კარიერაში იანვრის სუპერტურნირი რიგით 94-ე ბაშოა. ქართველმა სუმოისტმა გასულ წელს ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, რამაც წოდებაში დააქვეითა.
იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში კი ტოჩინოშინი მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონიდან გავარდნას ვეღარ გადაურჩება.