თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. კონკურენციის სააგენტომ, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევა დაასრულა, ანგარიში გამოაქვეყნა.
საქართველოს მედიკამენტების ბაზარზე აფთიაქების მესამედი სამ ფარმაცევტულ გიგანტს ეკუთვნის, დანარჩენების მფლობელი კერძო პირები ან მცირე კომპანიები არიან – ასეთია კვლევის მონაცემები.
კვლევის თანახმად, 2021 წელს საქართველოში 3.213 აფთიაქი იყო. აქედან 927 სამ მსხვილ კომპანიას ეკუთვნოდა, ხოლო 1.712 – ცალკეულ მეწარმეს.
აფთიაქებში სამ ჯგუფად დაყოფილი 10.450 დასახელების მედიკამენტები იყიდება. ურეცეპტოდ მხოლოდ მესამე ჯგუფის მედიკამენტები გაიცემა.
მოქალაქეების ხელში მედიკამენტები ხვდება სქემით: მწარმოებლების ან იმპორტიორებისგან – ჯერ საბითუმო ბაზარზე, შემდეგ უკვე აფთიაქების, კლინიკების, ექიმების ან სადაზღვევო სისტემის გავლით – მომხმარებელთან.
კონკურენციის სააგენტომ მედიკამენტების იმპორტში მონოპოლია ვერ დაინახა. მათი მონაცემებით, 2016–2020 წლებში მედიკამენტების იმპორტს ახორციელებდა 156-დან 180-მდე კომპანია. თუმცა, ამავე დროს სააგენტო მიუთითებს, რომ სამი დიდი კომპანიის – „გეფას“, „პსპ ფარმას“ და „ავერსი–ფარმას“ წილი მაღალია – 56,6-დან 70,1%-მდე (წლების მიხედვით).
კვლევაში აღნიშნულია, რომ იმპორტირებული მედიკამენტების ღირებულება 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით პერიოდში ჯამურად 41%-ით გაიზარდა. იმპორტირებული წამლების თვითღირებულების ასეთ მაღალ ზრდას სააგენტო ეროვნული ვალუტის – ლარის გაუფასურებით ხსნის. მედიკამენტების თვითღირებულების ინფლაციამ დოლარში 7% შეადგინა.
ამასთან, როგორც კონკურენციის სააგენტო აღნიშნავს, ანალიზმა აჩვენა, რომ კომპანიები ძირითადად ყიდიან თავიანთ მიერ იმპორტირებულ ან წარმოებულ მედიკამენტებს, რაც, შესაძლოა, ინტერესთა შეუთავსებლობას წარმოადგენს ან ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის ნიშანია.
შერჩევითი კვლევა
სააგენტომ მედიკამენტების ექვს გარკვეულ ჯგუფთან მიმართებით შერჩევითი კვლევა ჩაატარა და რიგი ტენდენციები გამოავლინა, რომლებიც წამლების სხვა ჯგუფებშიც გამოიყენება.
კერძოდ, სააგენტომ დაადგინა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიღების შემთხვევაში, იდენტური სამკურნალო ეფექტის მიღების პირობებში მომხმარებელი 2016-2020 წლებში დაზოგავდა საშუალოდ16 მილიონ ლარს.
ბაზრის სრული მოცულობის გათვალისწინებით, საერთო საშუალო წლიური დანაზოგი შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე.
კიდევ რა აჩვენა კვლევამ
სააგენტოს მონაცემებით, ფარმაცევტული ბაზრის ანალიზმა აჩვენა რეგულაციების არასაკმარისი რაოდენობა, მათ შორისაა მედიკამენტების ხარისხის კონტროლი.
სააგენტო ასევე არასაკმარისად მიიჩნევს ამჟამად არსებულ სანქციებს არაკეთილსინდისიერი სამედიცინო პერსონალის მიმართ.
ამას გარდა, სააგენტო აღნიშნავს, რომ სარეცეპტო პოლიტიკა პაციენტების ინტერესებს აზიანებს, რადგან ითვალისწინებს მედიკამენტების გარკვეულ აფთიაქებში შესყიდვას, რაც ანალოგებზე ხელმისაწვდომობის საშუალებას არ იძლევა. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბაზრის ეფექტური კონტროლის სისტემა.