თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ნიკა მელიას გადადგომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან შესაძლოა უკავშირდებოდეს ექს-პრეზიდენტთან და პარტიის დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილთან მის დაძაბულ ურთიერთობას, ივარაუდა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
10 იანვარს ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი ადგილი დაიკავა კობა ნაყოფიამ, რომელიც მანამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფია კი შეცვალა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდა.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ პარტიაში გარკვეული დაძაბულობაა ლიდერებს შორის. კერძოდ, დადიოდა ხმები სააკაშვილსა და მელიას შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ. არ არის გამორიცხული, რომ ეს სიმართლესთან ახლოს იყოს. თუ რეალობა ასეთია, მაშინ ამ დაპირისპირებამ იქონია გავლენა მელიას თანამდებობიდან წასვლაზე და ალბათ უნდა ველოდოთ, რომ ახლო მომავალში მას მოხსნიან სხვა თანამდებობიდანაც – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან“, – განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება მელიას პირდაპირ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საკადრო ცვლილებები პარტიას გამარჯვებამდე მიიყვანს, საყვარელიძის თქმით, ეს სიტყვები „ღიმილის მომგვრელია“.
„ჩვენ თვალს ვადევნებთ იმავე კადრებს – იმავე ნაყოფიას, იმავე ცისკარიშვილს. ისინი პარტიაში დიდი ხანია არიან, მაგრამ ამით „ნაცმოძრაობას“ ბევრი არაფერი მოუგია. 2012 წლიდან პარტია ქრონიკულად მარცხდება“, – აღნიშნა საყვარელიძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასწარ გამოცხადებულ საპროტესტო აქციებს, ექსპერტის თქმით, იგი შედეგს კვლავაც ვერ გამოიღებს.
„ეს შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ისე სუსტია, როგორც არასდროს. თითქოს მათი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას მათი აღმასვლა უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს არ მომხდარა. ხალხის რაოდენობა არ იზრდება, პირიქით, სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვთ. სხვა რესურსები კი აღმასვლისთვის მათ უკვე აღარ გააჩნიათ“, – დაასკვნა საყვარელიძემ.
ადრე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ ე.წ. „დაუმორჩილებლობის ჯგუფის“ შექმნას და მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამართვას. ამ გეგმებზე სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.