თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. დასრულდა რუსეთი–ნატოს საბჭოს სხდომა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში. სხდომა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ბრიუსელში რუსეთი–ნატოს საბჭოს სხდომაზე, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა, რუსეთის უწყებათშორის დელეგაციას წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი, რომელიც ასევე მონაწილეობდა აშშ–რუსეთის მოლაპარაკებებში ჟენევაში. ნატოს მხრიდან – ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ალიანსის ოცდაათი მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენლები.
რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა 9–10 იანვარს ჟენევაში კონსულტაციები გამართეს მოსკოვის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა, რომელიც ჟენევაში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ პროგრესი აშშ-თან მოლაპარაკებებზე ნატოს გაფართოების დაუშვებლობის საკითხზე არ ყოფილა მიღწეული. როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებები იყო რთული, ღრმა და კონკრეტული.
2021 წლის მიწურულს რუსეთმა გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-თან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. მოსკოვი ითხოვს დასავლელი პარტნიორებისგან იურიდიულ გარანტიებს, რომ ნატო არ გააგრძელებს გაფართოებას აღმოსავლეთისკენ, უარს იტყვის უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში სამხედრო ბაზების განთავსებაზე.