თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის მერაბ მერაბიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
მერაბიშვილი 11 იანვარს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში.
სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.
მერაბ მერაბიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი იყო.
შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად ის აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და სხვადასხვა წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ხატვის კათედრის გამგე, აკადემიის მთავარი მრჩეველი იყო.
მერაბ მერაბიშვილის ცნობილი ნამუშევრებია: ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლი თბილისში, გენერალ პეტრე ბაგრატიონის ცხენოსანი ძეგლი თბილისში, ერეკლე II-ის ცხენოსანი ძეგლი თელავში, შოთა რუსთაველის ძეგლი ბუდაპეშტში, პოეტ ილო მოსაშვილის ძეგლი თბილისში და სხვ.
გრიბოედოვის ძეგლი თბილისში
© Photo: courtesy of Besik Pipiya
მოქანდაკის ცნობილ კომპოზიციებს შორისაა: ,,სევდა“ და ,,პრომეთეოსი“. არის ავტორი არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის პორტრეტისა.
მერაბ მერაბიშვილს 2002 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ამასთან, სხვადასხვა წლებში გახდა დიმიტროვის ოქროს მედლისა და რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლის მფლობელი.