თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს დამსვენებლებს, სამთო-სათხილამურო კურორტებზე მაქსიმალურად დაიცვან კოვიდ-რეგულაციები, განაცხადა სამშაბათს ოპერაციული შტაბის საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ.
„მნიშვნელოვანია, სამთო კურორტებზე ვინც არის დასასვენებლად ჩასული, მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რაც არსებობს ქვეყანაში, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე“, – განაცხადა ღიბრაძემ.
მისი თქმით, ტენდენცია აჩვენებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების დონე განსაკუთრებით მაღალია სამთო-სათხილამურო კურორტებზე.
ღიბრაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე საბჭოს რაიმე დამატებითი შეზღუდვები არ მიუღია.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. სპეციალისტები ახალი შტამი „ომიკრონის“ პიკურ გავრცელებას იანვრის ბოლოს ელოდებიან. ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვისთვის და პაციენტების დიდი ნაკადისთვის ემზადება. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 30-40 ადამიანს უტოლდება, ხოლო პანდემიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 15 ათასს უახლოვდება.