თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე განმარტავს, რა შემთხვევაში განიხილება ახალი შეზღუდვების დაწესების საკითხი.
ღიბრაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სახელმწიფო პაციენტების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს, დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.
„როდესაც შემთხვევათა რაოდენობა იქამდე გაიზრდება, რომ ცხადი გახდება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პირას დგომა და სახელმწიფო ვეღარ შეძლებს ყველა ინფიცირებულის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, ცხადია, დადგება შეზღუდვების საკითხი“, – აღნიშნა ღიბრაძემ.
მისი ინფორმაციით, საველე ჰოსპიტლების გახსნის საჭიროების დადგომის შემთხვევაში სახელმწიფო არსებული პრაქტიკით იხელმძღვანელებს და კოვიდ-ინფიცირებულთა სამკურნალოდ ყველანაირ საშუალებას გამოიყენებს.
საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5.486 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს 2021 წლის 10 ნოემბრის (5.751 შემთხვევა) შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ პიკს მიაღწიოს, რაც კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება.