გაბუნია: „მწვანე პასპორტების“ გაცემის კრიტერიუმები შესაძლოა გადაიხედოს

საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. გარკვეულ დაწესებულებებში შესვლა მხოლოდ კოვიდ-პასპორტით არის შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე კოვიდ-პასპორტების კრიტერიუმების შესაძლო შეცვლაზე ისაუბრა.
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტი 1 დეკემბრიდან ამოქმედდა.
რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლა მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირებს შეუძლიათ.
კოვიდ-პასპორტის აღება უვადოდ შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდ-გადატანილ პირებს, ხოლო შეზღუდული ვადით – PCR–ტესტის (72 საათი) ან სწრაფი ტესტის (24 საათი) უარყოფითი პასუხის მქონე პირებს.

„ომიკრონმა“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყველა კრიტერიუმი, რომელიც „მწვანე პასპორტის“ საფუძველი იქნება, არის ცვლადი და გარკვეულ გადასინჯვას უნდა დაექვემდებაროს“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე შენარჩუნდება „მწვანე პასპორტის“ გაცემის ის მექანიზმი, რაც ამ დროისთვის მოქმედებს, თუმცა სამომავლოდ წესებში ცვლილებებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს.
„ბევრმა ქვეყანამ „მწვანე პასპორტში“ უკვე გაითვალისწინა ბუსტერ–დოზის აუცილებლობა, ხოლო ვირუსის გადატანის სტატუსს უკვე ნაკლები ყურადღება ეთმობა. რა თქმა უნდა, იმ პასპორტს, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, კარგი აღსრულების პირობებში, მოსალოდნელი პოზიტიური ეფექტი აქვს, განვითარებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს“, – განაცხადა გაბუნიამ.
სავარაუდოდ, „მწვანე პასპორტში“ ვადის დაფიქსირების თემა გახდა ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მიზეზი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვის მიეცემა Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა
ტიკარაძე „მწვანე პასპორტში“ გარკვეული ვადის დაფიქსირების მომხრე იყო, ხოლო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მხარს უვადო „მწვანე პასპორტს“ უჭერდა.
საბოლოოდ „მწვანე პასპორტი“ უვადო დარჩა, ტიკარაძემ კი თანამდებობა დატოვა.
„მწვანე პასპორტებში“ თითოეული მოქალაქის შესახებ მითითებულია კორონავირუსთან დაკავშირებული მთლიანი ინფორმაცია – გადატანილი ავადმყოფობა, PCR–ტესტების პასუხები, ვაქცინაციის კურსი.