თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. განახლებები ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოლიტიკური ძალის განვითარებისთვის, ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ განაცხადა.
დღეს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებებს კენჭი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე უყარეს. კობა ნაყოფიამ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ჩაანაცვლა ნიკა მელია, რომელიც ენმ-ის თავმჯდომარის პოსტს ინარჩუნებს.
„რაც არ უნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შემართული იყოს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, გარკვეული დროის შემდეგ იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგას სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების განახლება და გადანაცვლებები. ცვლილებები აუცილებელია და განპირობებულია იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ , თითოეული ჩვენგანი ვდგავართ, ვგულისხმობ ქვეყანას და სახელმწიფოს“, - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.
კობა ნაყოფია აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდა. პარტიის აღმასრულებელი მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი გახდა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის თვალსაზრისით, საზოგადოება არ უნდა ელოდოს რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს „ნაცმოძრაობაში“.
„მე არ მგონია, რომ დიდი მოლოდინები უნდა გააჩინოს საზოგადოებაში ამ ცვლილებებმა. არ მგონია „ნაციონალური მოძრაობა" ამით იცვლიდეს სახეს, ის რეალურად კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად“, - ასე შეაფასა დეპუტატმა საკადრო ცვლილებები ოპოზიციურ პარტიაში.
მანამდე რუსთავის ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ შეიქმნება „დაუმორჩილებლობის ჯგუფები“ და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გაიმართება. ნაყოფიას თქმით, საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად „პროტესტის სხვადასხვა ფორმა იქნება გამოყენებული“.