COVID-19 - ბოლო ცნობები

როდის მიიღებს საქართველო COVID-19-ის სამკურნალო ორ მედიკამენტს

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, განიხილება ერთ-ერთი პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა ბინაზე მკურნალობისას
Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, COVID-19-ის სამკურნალო ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი – „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“ გამოყენებული იქნება დიაგნოზის დასმიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში, მხოლოდ ბინაზე მკურნალობის დროს და გადაეცემა ონლაინ-კლინიკებსა და ოჯახის ექიმებს.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო აღნიშნულ მედიკამენტებს 2-3 კვირაში მიიღებს.

„ეს მედიკამენტები ეფექტურია როგორც „დელტა“ შტამის, ასევე „ომიკრონის“ წინააღმდეგ. საქართველოს ორივესთან გამზადებული აქვს ხელშეკრულებები და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება მედიკამენტ „რემდესივირს“, ცერცვაძის განმარტებით, ის გამოიყენება კლინიკაში, თუმცა განიხილება ბინაზე მისი გამოყენების შესაძლებლობაც.
კვლევების თანახმად, „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი" მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მერკ, შარფ და დოჰმეს“ (MSD) მიერ წარმოებული მსოფლიოში პირველი ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ კორონავირუსის სიმპტომური მიმდინარეობის დროს მიიღება. ის გასული წლის 4 ნოემბერს დაამტკიცა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის რეგულატორმა.
საქართველო ეპიდშტორმის ზღვარზე – ეპიდემიოლოგები არასახარბიელო პროგნოზს აკეთებენ >>
5 ნოემბერს კი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი COVID19-ის სამკურნალო აბები „პაქსლოვიდი“ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მისი მიღება რეკომენდებულია ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ.