National Geographic-ში საქართველოს შესახებ სტატიათა ციკლი გამოქვეყნდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ის იანვრის ბოლოს დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. გამოცემა National Geographic-ში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიათა ციკლი გამოქვეყნდა.
National Geographic-მა საქართველოს შესახებ ორი სტატია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მოამზადა.
„კულტურის ოთხი სეზონი საქართველოში“ – ამ სათაურით National Geographic-ის პირველ სტატიაში აღწერილია ქართული სტუმარმასპინძლობა, სუფრა, ფოლკლორული სიმღერა, ცეკვა და, ზოგადად, ქართული კულტურა.

„საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ხშირად აქებენ ქართულ კერძებს, ღვინოსა და ბუნებას. მაგრამ საქართველოზე შეყვარებული მოგზაურები სხვა რამესაც აფასებენ. ეს არის ქართული კულტურის სიმდიდრე და სიუხვე“, – წერს სტატიის ავტორი ტარა იზაბელა ბარტონი.

მეორე სტატია „მთებიდან ზღვამდე საქართველოში“ კი საქართველოს ბუნებას ეძღვნება. სტატიაში აღწერილია ქვეყნის უნიკალური ეკოსისტემა და მრავალფეროვანი ბუნება: მთებში ლაშქრობები, საქართველოს სამთო კურორტები, ეროვნული პარკები, მდინარეზე ჯომარდობა და შავი ზღვის სანაპიროები.
გარდა ამისა, სტატიაში ჟურნალისტი მკითხველს ინფორმაციას აწვდის თბილისის, ბათუმის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების, მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების, აგრეთვე ქალაქებს შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის შესახებ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს საინფორმაციო და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა: Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue.
დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში – CNN-მა საქართველოს სტატიების ციკლი მიუძღვნა
კამპანია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ის იანვრის ბოლოს დასრულდება. კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და აშშ-ში.