თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. გარდაიცვალა კონსერვატორიის ემერიტუსი, ქართველი კომპოზიტორი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე ნოდარ მამისაშვილი.
ის 91 წლისა იყო.
ნოდარ მამისაშვილი ათობით სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორია. მან პირველმა მსოფლიოში შექმნა 9 საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რომლის მიხედვითაც წმინდა სამების ტაძარში, სამრეკლო სივრცეში ზარების განაწილება მოხდა.
როგორც კომპოზიტორი, ნოდარ მამისაშვილი მრავალ ჟანრს შეეხო – ოპერა, ბალეტი, სიმფონიური, საორგანო, საგუნდო მუსიკა. იგი ავტორია საბავშვო ოპერისა „ბაქია ბაჭია“, ბალეტის „სამი გასაღები“, 7 სიმფონიის და სხვ.
დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და მხატვრული ფილმებისათვის. აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა ქართველ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან, რომლის შედეგად შეიქმნა ფილმები ,,დიდი მწვანე ველი” და ,,ცხელი ზაფხულის სამი დღე”.
„კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, მოსწავლეებს და საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებას ამ დიდ დანაკარგს“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პანაშვიდისა და დაკრძალვის თარიღი ამ დროისათვის უცნობია. როგორც კონსერვატორიის facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თარიღებს დადგენისთანავე გამოაქვეყნებენ.