COVID-19 - ბოლო ცნობები

უნდა გამკაცრდეს თუ არა კოვიდ-რეგულაციები - ინფექციონისტის განმარტება

ამ დროისათვის საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 600-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-რეგულაციები გამკაცრდეს.
გოგინავას თქმით, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ პიკს მიაღწიოს, რაც კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა მათთან კონტაქტში მყოფ თითქმის ყველა პირს.
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი დინამიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, პიკი იანვრის მეორე ნახევარში, თვის ბოლო რიცხვებში იყოს. თუ ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა დაფიქსირდება, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დადგება რეგულაციების გადახედვა და გამკაცრება“, - განაცხადა გოგინავამ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
თამარ გაბუნია: ახალი შტამის გავრცელებას კლინიკები მომზადებული ხვდებიან>>>
ექსპერტების თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის" შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. სპეციალისტების თქმით, ამ შტამით, შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული ადამიანები.
9 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.842-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 959.874-ს მიაღწია.