რევანშის შანსი ბასილაშვილს - ქართველი ჩოგბურთელი ენდი მარის ელოდება

ქართველისა და ბრიტანელის დაპირისპირება გასულ წელს ერთხელ უკვე შედგა, სადაც ბასილაშვილი დამარცხდა.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ტურნირში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთვება და სავარაუდოდ, მისი მეტოქე ბრიტანელი ენდი მარი იქნება.
სიდნეიში 250-ქულიანი ტურნირის ძირითადი ბადის შეხვედრები ხვალ, 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება. აღნიშნული ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოსამზადებლად ტარდება (17-30 იანვარი).
34 წლის შოტლანდიელი ჩოგბურთელი სიდნეიში „უაილდ ქარდით“ ითამაშებს, ისევე როგორც დიდი სლემის ტურნირზე (ავსტრალიის ღია პირველობა). ნიკოლოზ ბასილაშვილამდე მას საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულ მოთამაშესთან დაპირისპირება მოუწევს.
ბასილაშვილის და მარის დაპირისპირება კორტებზე მხოლოდ ერთხელ, გასულ წელს „უიმბლდონზე“ შედგა, სადაც ბასილაშვილი მასპინძელ ენდი მარისთან ოთხ სეტში ანგარიშით 6:4, 6:3, 5:7, 6:3 დამარცხდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში საქართველოს პირველი ჩოგანი მესამე სეტში ანგარიშით 5:0-ს აგებდა, თუმცა ბასილაშვილმა ზედიზედ 7 გეიმი მოიგო და თამაშში დაბრუნება დროებით მოახერხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი ვადაზე ადრე დაასრულა
ბასილაშვილი სიდნეის ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე ქართველი ჩოგბურთელი, სავარაუდოდ, მე-20 ნომრად ითამაშებს.
ბოლოს ATP CUP-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილს პრობლემები შეექმნა. მან საქართველოს ნაკრების მორე მატჩი პოლონეთთან გამოტოვა, ხოლო მესამეში, საბერძნეთთან ვერ დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი სტეფანოს ციციპასს ხვდებოდა, როცა სუნთქვის პრობლემები შეექმნა. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში საქართველოს პირველმა ჩოგანმა კორონავირუსი გადაიტანა.