თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ყაზახეთში დაკავებულია ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კარიმ მასიმოვი, რომელიც სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი, იუწყება ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური.
„მიმდინარე წლის 6 იანვარს ეროვნული უშიშროების კომიტეტმა დაიწყო წინასწარი გამოძიება სახელმწიფო ღალატის ფაქტზე, ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. იმავე დღეს დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს ამ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კარიმ მასიმოვი და სხვა პირები“, — ნათქვამია განცხადებაში.
ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის დიდი ხნის თანამოაზრე მასიმოვი ორი დღით ადრე გაათავისუფლეს ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან. თანამდებობაზე ის ერმეკ საგიმბაევმა შეცვალა.
მანამდე ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ყოფილმა მრჩეველმა ერმუხამეტ ერტისბაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირისა და სამართალდამცავის ღალატია.
მან მომხდარს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და შეიარაღებული აჯანყება უწოდა, რომლის მასშტაბებიც იმაზე მეტყველებს, რომ „მისი განხორციელება ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის მოღალატეების, განსაკუთრებით ძალოვანი უწყებების გარეშე, შეუძლებელი იყო“.