თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. არეულობების შედეგად ყაზახეთისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა შაბათ დილისთვის თითქმის 203 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იუწყება ქვეყნის მეწარმეთა ეროვნული პალატა „ატამეკენი“.
აღინიშნება, რომ პარასკევს საღამოსთვის ზარალის ოდენობა დაახლოებით 200 მილიონი დოლარი იყო. ქვეყნის ათ რეგიონში 848 დაზარალებული ბიზნეს-სუბიექტი და 1021 ობიექტი აღირიცხებოდა, აქედან ალმათიში — 789 სუბიექტი და 950 ობიექტი.
„8 იანვრის დილის მდგომარეობით, ზარალის ჯამური ოდენობა, უხეში შეფასებით, 88,1 მილიარდ ტენგეზე მეტია (ალმათიში — 86,8 მილიარდი ტენგე)“, — ნათქვამია პალატის ცნობაში.
ამ დროისათვის რესპუბლიკის ათ ოლქში დაახლოებით 920 დაზარალებული ბიზნეს-სუბიექტი და 1091 ობიექტია გამოვლენილი. აქედან ალმათიში - 856 სუბიექტი და 1027 ობიექტი.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო - ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები თხევად ნავთობ-გაზზე ფასების ორჯერ გაზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. მოგვიანებით პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, მათ შორის ალმათიში. ქვეყნის ძველ დედაქალაქსა და რესპუბლიკის უდიდეს ქალაქში დაიწყო ძარცვა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, იარაღის დატაცება. ხელისუფლებამ ქვეყანაში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დაშავდა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 18 ძალოვანი.
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და „ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა. ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.