თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ცხვირიდან აღებული ნაცხის საფუძველზე ჩატარებული ექსპრეს-ტესტი „ომიკრონით“ იფიცირებას პირველი ორი დღის განმავლობაში ვერ ადგენს, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა კვლევაც ჟურნალ Science-შია გამოქვეყნებული.
ამასთან სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ყელიდან აღებული ნაცხი პაციენტებს მაშინვე უდგენს, არიან თუ არა ინფიცირებულები ახალი შტამით.
შესაბამისად, მკვლევარები ამბობენ, რომ „ომიკრონი“ ნერწყვში უფრო ჩნდება. უფრო მეტიც, მათი ვარაუდით, ადამიანი გადამდები ხდება სწორედ მაშინ, როდესაც „ნერწყვი დადებით პასუხს იძლევა კორონავირუსით ინფიცირებაზე“.
მეცნიერების თქმით, ცხვირიდან და ყელიდან აღებული სინჯების ერთობლივი ანალიზი უკეთ ადგენს „ომიკრონით“ დაავადებას, ვიდრე მხოლოდ ცხვირიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელ სწავლულთა მცირე კვლევაში 30 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან ყველა სრულად ვაქცინირებული იყო კორონავირუსზე.
ამერიკელი კოლეგების მოსაზრებას ადასტურებენ სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტებიც. მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყელიდან აღებულმა ნაცხმა „ომიკრონით“ ინფიცირება ყველა შემთხვევაში გამოავლინა, ხოლო ცხვირიდან აღებულმა სინჯმა — მხოლოდ 86%-ში.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ კორონავირუსზე ორჯერ და სამჯერ აცრილებშიც კი „ომიკრონი“ თავისებური სიმპტომებით იჩენს თავს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სამედიცინო მრჩეველი, ეპიდემიოლოგი ტიმ სპექტორი საუბრობს.
კერძოდ, ექიმის თქმით, პაციენტებს, რომლებსაც ის-ის იყო ეწყებოდათ „ომიკრონი“, აშკარად უვლინდებოდათ გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და ტკივილი ზურგის არეში.
სწორედ წელის ტკივილი განსაზღვრეს სპეციალისტებმა „ომიკრონის“ ერთ-ერთ ძირითად სიმპტომად.
წყარო: Science