თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებული დასკვნა გამოაქვეყნა.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა (ინფექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში).
ამავე დასკვნის მიხედვით, 2021 წლის 5 ივლისს მიღებული დაზიანებები (თვალბუდის ფსკერის დაზიანება, მრავალფრაგმენტული მოტეხილობა, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, ასევე თავის ტვინის შერყევა და ა.შ.) „ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან“.
აღნიშნულ დასკვნას ხელს აწერს ექსპერტიზის ბიუროს შვიდი ექსპერტი, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.
უწყების ცნობით, შსს-მ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებული დასკვნა 30 დეკემბერს მიიღო. აღნიშნული დასკვნა ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.
დღეს ცნობილი გახდა, რომ UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. სიის მიხედვით, 2021 წელს სულ 55 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან ერთ-ერთი „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავაა. იუნესკოს სიაში ლექსო ლაშქარავას მკვლელობის თარიღად 2021 წლის 5 ივლისია მითითებული.
ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას არ დაელოდა, მეორე დღესვე განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული ნივთიერებების ჭარბი დოზით გარდაიცვალა.
ოპერატორის გარდაცვალებამ საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, ლაშქარავა აქციაზე მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა.