თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ტრადიციული საშობაო მსვლელობა „ალილო“ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო არ გაიმართა, მაგრამ სასულიერო პირებმა ტრადიციული მარშრუტი ავტომობილებით გაიარეს, ქუჩები აკურთხეს და გამვლელებს დღესასწაული მიულოცეს.
მსვლელობა 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტეშობის სამადლობელი პარაკლისით დასრულდა.
ტრადიციისამებრ, შეგროვდა საჩუქრები და ტკბილეული, მსურველებს შემოწირულების მიტანა 12:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში შეეძლოთ.
განსხვავებულად ჩატარდა წლევანდელი ალილო ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაშიც.
სასულიერო პირები ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან დაახლოებით 12 საათისთვის შეიკრიბნენ, ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და ქუჩები აკურთხეს.
კორონავირუსის პანდემიის გამო ტრადიციული საშობაო მსვლელობა არ ჩატარდა ზუგდიდშიც, ტრადიციული ალილოს ნაცვლად ეპარქიის მღვდელმთავარმა რუხის კლინიკაში მყოფები მოინახულა. მეუფე გერასიმემ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.
საქართველოში „ალილოს“ ისტორია 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა – მოქალაქეები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს, რომლებიც შემდგომ დღეებში შეჭირვებულ ოჯახებზე, ობოლ ბავშვებსა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს შორის ნაწილდება.