თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიის განცხადებაში.
„2022 წლის 1 იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება“, — აღნიშნულია განცხადებაში.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პირების მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია კომისიაში გადაამოწმონ, სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დაეყრდნონ მხოლოდ სემეკის ინფორმაციას, რადგანაც, „როგორც მრავალწლიანი პრაქტიკა აჩვენებს, ოპოზიციური პოლიტიკური ინტერესების მქონე პირებს ხშირად მიზანმიმართულად შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში“.
ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან გაძვირდა. ტარიფმა მოსახლეობისთვის 1 კვტ/სთ მოხმარებულ ენერგიაზე 3,5 თეთრით მოიმატა და საშუალოდ 26,537 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფებს, დედაქალაქის მოსახლეობისთვის „თბილისი ენერჯიმ“ გაზის ტარიფი 2021 წელს 1 ივნისიდან გაზარდა. ახლა თბილისელები ერთ კუბომეტრ აირში 53,972 თეთრს იხდიან, ნაცვლად მანამდე არსებული 46,138 თეთრისა.
წყარო: სემეკი