თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ყაზახეთის ქალაქ ალმათიში სახელმწიფო დაწესებულებებს სამხედროები იცავენ, რესპუბლიკის მოედანს ასევე სამხედროები აკონტროლებენ, მათ ხელსაყრელი პოზიციები უკავიათ, რათა თავდამსხმელებს აკიმატისა თუ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაჭრის საშუალება არ მისცენ, იუწყება „Sputnik–ყაზახეთი“ Telegram-არხზე.
მანამდე, დაახლოებით დილის რვა საათისთვის მოედანზე 50 ერთეულამდე ჯავშანტექნიკა, მათ შორის ძალოვანებით სავსე სამხედრო სატვირთოები შევიდნენ და პერიმეტრი დაიკავეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი სროლა დაიწყო.
როგორც სააგენტო წერს საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით, მოედნის ცენტრში დაახლოებით 200 პროტესტანტი იმყოფებოდა, რომელთაგან ზოგი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული.
„გაისროლეს დაახლოებით ათჯერ. მაგრამ ეს უშიშროების ძალები არ ყოფილან“, — აცხადებენ სააგენტოში.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.
როგორც ენერგეტიკის სამინისტრომ განმარტა, 1 იანვრიდან ამ საწვავის ღირებულების ფორმირება ელექტრონულ საბირჟო ვაჭრობაში მიწოდებისა და მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.
4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და თხევადი აირისა და ბენზინის ფასების სახელმწიფო რეგულირების დავალება გასცა ექვსი თვის განმავლობაში.
მან ასევე განაცხადა, რომ ხდება უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, რომელსაც მანამდე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხელმძღვანელობდა.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე ტოკაევმა განაცხადა, რომ მან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ტოკაევმა გააფრთხილა მომიტინგეები, რომ ხელისუფლება უმკაცრეს ზომებს გამოიყენებს მოძალადეების წინააღმდეგ, რადგან არეულობის შედეგად უკვე დაშავდნენ და დაიღუპნენ ძალოვანები.
ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.