თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ რეინფიცირების პროცენტი საკმაოდ მაღალია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
„ომიკრონის“ გავრცელების სისწრაფე 3–4-ჯერ და კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე არსებული კორონავირუსის შტამებისა. ხელმეორედ ინფიცირდებიან ადამიანები, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვს, ანუ რეინფექციის პროცენტი საკმაოდ მაღალია“, — აღნიშნა მან.
გამყრელიძის თქმით, ახალი შტამი გვერდს უვლის იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს გამოიყენება, თუმცა ბუსტერული დოზის შემთხვევაში ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ ერთი თვისება, რაც თანდათან მტკიცდება, არის ის, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს, რაც ძალიან კარგია.
„ჩვენ პრევენციული ღონისძიებები მაინც უნდა გავატაროთ, რადგან რისკ-ჯგუფების წარმომადგენლები, შესაძლოა, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაშიც დამძიმდნენ. ამის პრევენცია უნდა მოხდეს ვაქცინაციის გზით“, — მიაჩნია გოგინავას.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 159-მდე გაიზარდა.
ადრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 70% აცრილია და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.