ივანე ჩხაიძე: გრიპის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს

Sputnik
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის გარდა, ქვეყანაში უკვე გრიპის ვირუსიც ცირკულირებს.
წელს გრიპის პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა 4 დეკემბერს გამოვლინდა.
შემოდგომა–ზამთრის სეზონზე საქართველოში გრიპის 15 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან სამი ბავშვია, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, ეს არის როგორც A ტიპის, ისე B ტიპის გრიპის ვირუსები. შემთხვევები გამოვლინდა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

„დღეისათვის იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსით სამი პაციენტი მკურნალობს. შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი სეზონი გრიპის თვალსაზრისით გაცილებით უფრო აქტიურია. ჩვენ იანვარში გრიპის შემთხვევების მატებას ველოდებით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთ-ერთი ქმედითი და ეფექტური მექანიზმია გრიპის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად სეზონური გრიპის აცრის ჩატარებას არავითარი შეზღუდვა არ აქვს.
საქართველოში „ომიკრონი“ ჯერ არ გამოჩენილა: გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შტამზე >>
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.