თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ბათუმში, ჯავახიშვილის 47 ნომერში მცხოვრები 60 ოჯახიდან კორპუსში მხოლოდ ხუთი ოჯახიღა რჩება, მოსახლეობის ნაწილმა ავარიული კორპუსი ორი დღის წინ, ნაწილმა კი გუშინ დატოვა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი გასული საუკუნის 60-იან წლებშია აგებული, კორპუსს აქვს დაშენებული სართული, არის მიშენებებიც.
ადგილობრივებმა კორპუსში ბზარები 24 დეკემბერს შეამჩნიეს, რის შემდეგაც მერიისგან სახლისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კორპუსში მზიდი კედლები იყოს დაზიანებული.
„ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის მოთხოვნა და ექსპერტიზის დასკვნამდე მივეცით ქირით გაყვანის თანხმობა. იქ არის 60-მდე ოჯახი და, ბუნებრივია, შესაძლოა მოკლე პერიოდში მათ ვერ უზრუნველყონ საქირაო ხელშეკრულების გაფორმება და ბინით უზრუნველყოფა. მათ ეტაპობრივად დაიწყეს კორპუსის დაცლა“, — განაცხადა ბათუმის ვიცე-მერმა ლევან დავითაძემ.
მისი თქმით, ის ხუთი ოჯახიც, რომელიც ახლა შენობაში რჩება, უახლოეს დღეებში აუცილებლად დატოვებს საცხოვრებელს.
ბათუმის მერია ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება და ამის შემდეგ დაგეგმავს მომდევნო ნაბიჯებს.
ბათუმში ავარიული სახლის სტატუსი 144 კორპუსს აქვს. წელს დაიწყება პროექტი „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. პროექტი ოთხწლიანია და ჯამში 80 მილიონი დაიხარჯება. ამ დროისათვის ბათუმში 10 ლოკაციიდან 200-მდე ოჯახია გაყვანილი.