მსოფლიო დღეს

ყაზახეთში ინტერნეტი გათიშეს, არეულობები გრძელდება

მობილური ინტერნეტის მუშაობაში შეფერხებებისა და ნაწილობრივი შეზღუდვების შემდეგ ინტერნეტი საერთოდ გაითიშა.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ყაზახეთში, რომელიც არეულობებმა მოიცვა, ინტერნეტი არ მუშაობს. ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია NetBlocks ავრცელებს, რომელიც ინტერნეტის მუშაობას აანალიზებს.
ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები თხევად ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ საწვავზე ფასს დააკლებს, თუმცა პროტესტი მაინც გრძელდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

„დადასტურებულია: ყაზახეთი ამჟამად იმყოფება ინტერნეტის საერთო ეროვნული მასშტაბის გამორთვის ეტაპზე მობილური ინტერნეტის მუშაობაში შეფერხებებისა და ნაწილობრივი შეზღუდვების შემდეგ“, – ნათქვამია NetBlocks-ის განცხადებაში Twitter-ზე.

იქვე აღნიშნულია, რომ ეს ინციდენტი, სავარაუდოდ, სერიოზულად შეზღუდავს ანტისამთავრობო პროტესტის გაშუქებას.
ინტერნეტის არარსებობის გამო შეჩერებულია ვებ-გვერდ „Sputnik–ყაზახეთის“ მუშაობაც.
არეულობების დროს ალმათიში ცეცხლი გაუჩნდა მერიის, პროკურატურისა და მმართველი პარტია „ნურ ოტანის“ შენობებს.
დაიწვა ავტომობილები. ქუჩებში ისმოდა სროლის ხმებიც.
მომიტინგეებმა ალმათიში პოლიციას წაართვეს ცეცხლსასროლი იარაღი, ფარები, ხელკეტები. ქალაქში ამჟამად არ ჩანან სამართალდამცველები.
გარდა ამისა, RT-ს მონაცემებით, აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ იარაღის მაღაზიას ალმათიში და საწყობების გახსნას ცდილობენ. ამის შესახებ ამ კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს.
ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, მომიტინგეებმა ალმათიში ყაზახეთის პრეზიდენტის ძველი რეზიდენცია დაიკავეს. რეზიდენციაშიც ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლმოკიდებული შენობები და სროლა – ალმათიში არეულობა გრძელდება
დაძაბულობაა დასავლეთ ყაზახეთში, აქტობეში. პოლიცია სპეციალურ საშუალებებს იყენებს მომიტინგეების წინააღმდეგ.
პროტესტი ყაზახეთში
მანგისტაუს ოლქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები 1 იანვრიდან თხევადი ბუნებრივი აირის ორჯერ გაძვირებას აპროტესტებენ. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, ახალი წლიდან ფასების დადგენა ხორციელდება ელექტრონულ სავაჭრო ბირჟებზე მოთხოვნისა და შეთავაზების შესაბამისად.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ვითარების შესასწავლად სამთავრობო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნის – გაზზე ფასის დაწევის შესრულებაზე მზადყოფნა გამოთქვა.
პროტესტმა ყაზახეთის სხვა ქალაქებიც მოიცვა. გუშინ, საღამოს ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი აირი, კვამლის ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ტოკაევმა ქვეყნის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „ხელისუფლება არ დაემხობა“, თუმცა ქვეყანას „სჭირდება არა კონფლიქტი, არამედ ურთიერთნდობა და დიალოგი“.
ვითარება ალმათიში დაძაბულია: ბოლო ცნობები
ქვეყნის პირველმა პირმა მანგისტაუს ოლქსა და ალმათიში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კომენდანტის საათი 23:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს, იკრძალება მასობრივი ღონისძიებებისა და აქციების გამართვა, საბრძოლო იარაღისა და ალკოჰოლის გაყიდვა, გაძლიერდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა. გარდა ამისა, შეიზღუდა ალმათიში მოქალაქეების შესვლა-გამოსვლა.
ტოკაევმა ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა და დღეს, დილით მისი დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.