თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, სააკაშვილი მზადაა დეპუტატებს ჩვენება მისცეს

საქართელოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. მიხელ სააკაშვილი მზად არის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში დეპუტატების წინაშე წარდგეს და ჩვენება მისცეს, განაცხადა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას მისი უფლებები დაირღვა.
საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ემხრობა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
როგორც რამდენიმე დღის წინ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტაცია მზად არის შეწყვიტოს ბოიკოტი და პარლამენტში დაბრუნდეს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
ბოიკოტს შევწყვეტთ და პარლამენტში დავბრუნდებით – რას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა"
რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის.

„რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან კობახიძემ.

დაუჭერენ თუ არა მხარს ამ წინადადებას მმართველი პარტიის სხვა წევრები, ჯერჯერობით უცნობია.
საქართელოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყანაში უკრაინიდან არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.