რუსეთში ქართველი მფრინავის ნათესავებს ეძებენ

მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირის შესახებ ცნობილია, რომ ის თბილისელი იყო და საბჭოთა კავშირი–ფინეთის ომში მონაწილეობდა.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. რუსეთში ეძებენ ქართველი მფრინავის არისტოტელე სტეფანეს ძე ქავთარაძის ნათესავებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა.
ჟურნალისტი ნოვგოროდის ოლქიდან ვადიმ ბერიაშვილი „Sputnik–საქართველოს“ რედაქციას ქართველი მფრინავის ნათესავების პოვნაში დახმარების თხოვნით დაუკავშირდა. ის გმირულად დაიღუპა ომის დასაწყისში და დაკრძალულია ნოვგოროდის ქალაქ სოლციში.

„ლეიტენანტი არისტოტელე სტეფანეს ძე ქავთარაძე საჰაერო ბრძოლის დროს 1941 წლის 13 ივლისს შეეჯახა და ჩამოაგდო გერმანული თვითმფრინავი, რის შედეგად დაიღუპა თვითონ და გაანადგურა მტრის თვითმფრინავი პილოტთან ერთად. ამ გმირობისთვის მას სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გმირის შესახებ ასევე ცნობილია, რომ ის თბილისელი იყო და მონაწილეობდა საბჭოთა კავშირი–ფინეთის ომში, დაჯილდოვდა მედლით „მამაცობისთვის“.
სოლცის მცხოვრებლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოში გმირის ნათესავების მოძებნა სურთ, რათა მიიწვიონ ისინი, აჩვენონ მფრინავის საფლავი, რომელსაც მისი გმირობის დღეს ყოველ წელს ყვავილებით ამკობენ.

„შვილები არ ჰყავდა, ვერ მოასწრო ოჯახის შექმნა, მაგრამ ალბათ ჰყავდა ძმები ან დები. ახლა მათი შთამომავლები საქართველოში ცხოვრობენ. მის შესახებ ინფორმაცია არის ინტერნეტშიც, ქავთარაძის გმირობა კარგადაა ცნობილი და აღწერილი“, – აღნიშნა ბერიაშვილმა.

ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველის გმირობა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე მიაგებს პატივს, მშვენიერი ისტორიაა, რომელიც რუს და ქართველ ხალხებს აახლოებს.
დეტალური ინფორმაცია ქავთარაძის შესახებ იხილეთ აქ.
თუ გაქვთ ინფორმაცია, დაუკავშირდით „Sputnik–საქართველოს“ რედაქციას ელექტრონულ ფოსტაზე news@sputnik-georgia.com