თოვლმა მაღალმთიან აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

ამ დროისათვის ჯერ უცნობია, როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში 4 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ინტენსიურმა თოვამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამას გარდა შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
სპეციალური ტექნიკით გზების გაწმენდის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. როდის აღუდგება მოსახლეობას ელექტროენერგია, ამ დროისათვის უცნობია.
ხულოში ცენტრალური გზა გაწმენდილია, თუმცა ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელ გზაზე კვლავ შეფერხებულია, მათ შორის გადაადგილება გართულებია კურორტ გოდერძის მიმართულებითაც.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში" განმარტეს, რომ შეფერხებების აღმოსაფხვრელად მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს.