ბათუმში ავარიული სახლიდან მოსახლეობა გაიყვანეს

დანიშნულია შენობის ექსპერტიზა, რომლის შედეგად გაირკვევა, უსაფრთხოა თუ არა სახლში ცხოვრება.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის №47–ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა გამოიყვანეს.
ამის მიზეზი საყრდენი ბოძის დაზიანებაა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ტელეარხის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა სახლი გუშინ, 4 იანვარს ღამით დაათვალიერეს და ხუთსართულიანი სახლის ორი სადარბაზოს მცხოვრებლებს ბინების დროებით დატოვება სთხოვეს.
მუნიციპალური სერვისის სამსახურში განაცხადეს, რომ დაინიშნა შენობის ექსპერტიზა. ამის შემდეგ დადგინდება, უსაფრთხოა თუ არა ამ სახლში ცხოვრება და რა სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. ექსპერტიზის დასრულებამდე ოჯახებს ბინების ქირისთვის თანხას ბათუმის მერია გადაუხდის.
სახლს სულ ოთხი სადარბაზო აქვს. ბინების დატოვება პირველი და მეორე სადარბაზოების მცხოვრებლებს მოუწიათ. როგორც ბათუმელები აღნიშნავენ, ზოგიერთ ოჯახს ბინა არ დაუტოვებია, რადგან წასასვლელი არსად აქვთ – ვერ შეძლებს ბინის დაქირავება.
წყარო: „აჭარის ტელევიზია