თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. წუხელ ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
ამჟამად კი რუსეთ–საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გზის სრულად გახსნა ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.