თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს გია ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ვოლსკის კორონავირუსი ახალი წლის დღეებში დაუდასტურდა და ის სახლის პირობებში მკურნალობს.
გია ვოლსკი აქტიურად ესწრებოდა პარლამენტის სხდომებს. ის საკანონმდებლო ორგანოში ბოლოს 29 დეკემბერს იმყოფებოდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი AstraZeneca-ს ვაქცინით 2021 წლის შემოდგომაზე აიცრა. აღსანიშნავია, რომ ვოლსკი იყო მესამე ქართველი დეპუტატი, რომელმაც აცრა საჯაროდ გაიკეთა და ამით დანარჩენ კოლეგებს მაგალითი მისცა.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღას ებრძვის. ეპიდვითარება ბოლო პერიოდში შედარებით დასტაბილურდა. ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2–3 ათასის ფარგლებში მერყეობს. თუმცა კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – საშუალოდ 40–60 ადამიანი დღეში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.590-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 942.173-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.955 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 904.903-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 67 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.009 -ს მიაღწია.