გაჭრა თუ არა ფიცმა: მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა

რატომ არ შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება სვანეთში – მიზეზი საახალწლო დღესასწაულები და ტურიზმია?
Sputnik
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ხატზე დაიფიცა, რომ რეგიონში მოქმედ კრიპტოვალუტის ყველა მაინერს გათიშავდა. ფიცის დადების რიტუალი მესტიაში, წმინდა გიორგის ტაძარში 30 დეკემბერს გაიმართა.
მთის ტრადიციის თანახმად, ფიცის გამტეხ პირს ღვთის რისხვა დაატყდება, ამით ის ასევე თავისი წინაპრების სულებს და ხსოვნას შეურაცხყოფს.
ფიცის მიუხედავად, ბოლოს სამ დღეში მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა, განაცხადეს ენერგოგამანაწილებელ კომპანია Energo-pro Georgia-ს პრეს-სამსახურში.
კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ მიუხედავად შენარჩუნებული გაზრდილი მოხმარებისა, ამჟამად მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკის გარეშე მიეწოდება.
მოსახლეობა კი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა სადღესასწაულო დღეების და შედარებით მომატებული ტურისტული ნაკადის გამო. გარდა ამისა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ Energo-pro Georgia მათ ფიცის გატეხვაში ადანაშაულებს და ცდილობს საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ რეგიონში დენზე მრიცხველები დამონტაჟდეს.
დეკემბრის ბოლომდე მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით იღებდა. Energo-pro Georgia-ს განცხადებით, აღნიშნულის მიზეზია ქსელების გადატვირთვა და დაზიანება ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების გამო, რაც მაინინგურ ფერმებს უკავშირდება. მესტიაში მაინინგური ფერმების მომრავლება, თავის მხრივ, უკავშირდება ელექტროენერგიის დაბალ ტარიფებს, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთათვის მოქმედებს. ამჟამად სპეციალური შეღავათების წყალობით მოსახლეობა ელექტროენერგიას უფასოდ იღებს, შუქის საფასურს მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან.
ადგილობრივებმა მესტიაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ითხოვდნენ მაინინგური ფერმების გათიშვას და ელექტროენერგიის ნორმალურ მიწოდებას. მათ ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში და მაინერების მფარველობაში დაადანაშაულეს. შეფერხებებმა ელექტროენერგიის მიწოდებაში პრობლემები შეუქმნა არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ტურისტული ნაკადიც შეამცირა. მოსახლეობა აცხადებდა, რომ რეგიონში ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა.
მაინერების გამო Energo-pro Georgia-მ განაცხადა, რომ ასეთი მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში რეგიონში მოქმედი შეღავათები გადაიხედება და ელექტროენერგიის ტარიფებიც გაიზრდება.
სვანებმა უძველეს ტრადიციას მიმართეს – მესტიაში მაინერების პრობლემა გადაიჭრება: ვიდეო >>
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF ) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.
წყარო - საინფორმაციო სააგენტო „სვანეთინიუსი"