თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოში „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს მოაწესრიგებს.
ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ახალი კანონი 2022 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.
გარდა ამისა, შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც განთავსდება რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია.
„კანონიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის N791 ბრძანებით დამტკიცდა სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებები, რომელთა გამოყენება საწარმოს სურვილის შესაბამისად შეუძლია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სტანდარტული წესდებები ხელმისაწვდომია „მაცნეს“ ვებ-გვერდზე.
სააგენტოს ცნობით, 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სუბიექტებს ორი წლის ვადა მიეცათ სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
ამ ხნის განმავლობაში სუბიექტებს ექნებათ შესაძლებლობა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მათთვის სასურველ დროს მიმართონ და შესაბამისი ცვლილებები განახორციელონ.