რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე მოძრაობა შეიზღუდა

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო შეზღუდვები ამოქმედდა დასავლეთ საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე გზაზე.
Sputnik
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ინტენსიურმა თოვამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა – საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთზე (თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138-158 კმ) და ასევე ხაშური–აწყურის მონაკვეთზე (ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის 1-50 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე თოვისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები დაწესდა>>
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
დიდთოვლობის გამო ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კმ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ალპანა–ცაგერის საავტომობილო გზის 1-22 კმ მონაკვეთზე კი აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილსა (ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ) და საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე.
ასევე ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და ცუდი ხილვადობის გამო გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 14-106 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო 14-40 კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მითითებულის გარდა, გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის გზის გაწმენდის სამუშაოები ყველა მონაკვეთზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.