საპატრიარქო შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შარშან კორონავირუსის გამო ტრადიციული საშობაო ალილო არ გაიმართა, თუმცა სასულიერო პირებმა ქვეყნის დიდ ქალაქებს ავტოკოლონით შემოუარეს და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს.
Sputnik
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ტრადიციული საშობაო ალილო წელსაც განსხვავებულად ჩატარდება.
7 იანვარს ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობა, ტრადიციულად, შემოწირულობას აგროვებს, რომელიც შემდეგ ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს გადაეცემა.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, შობის დღეს ტრადიციული მსვლელობა არ გაიმართება, მოქალაქეებს კი შესაწირის მიტანა შეუძლიათ როგორც სამების ტაძარში, ისე რესპუბლიკის მოედანზე.

„წელს ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ ტრადიციულად შემოწირული საჩუქრები – ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება. მსურველებს ნობათის მოტანა შეუძლიათ 7 იანვარს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე და ასევე ყოვლადწმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ზეიმობს.
საქართველოში „ალილოს“ ისტორია 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა – მოქალაქეები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს, რომლებიც შემდგომ დღეებში შეჭირვებულ ოჯახებზე, ობოლ ბავშვებსა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს შორის ნაწილდება.