როგორ ავირიდოთ ზედმეტი კილოგრამები ახალი წლის პერიოდში – ენდოკრინოლოგის რჩევები

ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, რომლებიც საქართველოში ტრადიციული ქართული სუფრის გარეშე წარმოუდგენელია, მოსახლეობის უმეტესობა წონაში მატებას უჩივის.
Sputnik
როგორ ავირიდოთ ზედმეტი კილოგრამები ახალი წლის პერიოდში და რატომ არის საჭირო განტვირთვის დღეების მოწყობა კალორიული საკვების მიღების შემდეგ, „Sputnik-საქართველოსთან“ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი-ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა საუბრობს.
- ახალი წლის დღესასწაულებზე რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც წონის შესანარჩუნებლად დიეტაზე ყოფნა ხშირად უწევს?
- ხშირად ადამიანები ყოფენ ე.წ. დიეტებს ახალ წლამდე და ახალი წლის შემდეგ, რაც თავის მხრივ უკვე შეცდომაა. რადგან თუ ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი კვების რეჟიმს, მაშინ ის უნდა დავიცვათ ახალ წელსაც და ნებისმიერ სხვა დღესასწაულზეც. თუმცა ქართული სუფრა, რა თქმა უნდა, ნამდვილი განსაცდელია. თან საქართველო დღესასწაულების სიმრავლით გამოირჩევა, განსაკუთებით იანვრის თვეში.
ექიმის რჩევები საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით: დაიცავით ზომიერება
არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ახალ წლებზე დიეტას ნაწილობრივ დაარღვევენ და მხოლოდ ტკბილეულს მიირთმევენ, ძალიან არ მოიმატებენ, და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ორგანიზმი მთელი დღე მხოლოდ ტკბილეულზე არ უნდა ვამყოფოთ, დღესასწაულზეც და ნებისმიერ სხვა დროსაც, როდესაც გვიჭირს თავშეკავება სუფრაზე, სასურველია მივირთვათ მრავალფეროვნად და მცირე ულუფებით, ვიდრე მხოლოდ ერთი სახეობის საკვები და დიდი ულუფით, განსაკუთრებით კი ტკბილეული. რაც შეეხება კონკრეტულად ახალ წელს, პირველ რიგში, 31-ში ღამის 12 საათზე შემოვიფარგლოთ ერთმანეთისთვის სიმბოლური მილოცვით და ღამით ნუ მივიღებთ საკვებს. უკვე შემდეგ – 1-ში და 2-ში ჩვენთვის საყვარელი საახალწლო სუფრის რაციონიდან დღის მანძილზე ჯერად კვებებზე გადავანაწილოთ სხვადასხვა სახეობის საკვები, სასურველია ცომეული და ტკბილეული დღის პირველ ნახევარში მივიღოთ (იგულისხმება ერთი–ორი ნაჭერი ცომეული და ტკბილეული), ხოლო დღის მეორე ნახევრისთვის დავიტოვოთ ხორციანი საკვები, სალათები და ხილი.
- რამდენად კალორიულია ალკოჰოლი?
- ალკოჰოლური სასმელი საკმაოდ კალორიულია, განსაკუთრებით ღვინო, რომელიც ყურძნისგან მზადდება, არის ნახშირწყლების საბადო. კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლის და ტკბილი გაზიანი სასმელების ერთად მირთმევა, ამ დროს ძალიან იმატებს მიღებული კალორიების რიცხვი. ერთადერთი სითხე, რომლის მიღებაც ალკოჰოლთან ერთად დასაშვებია, არის წყალი.
როგორ ვუშველოთ თავს ნაბახუსევზე
- დღესასწაულების შემდეგ რატომ არის საჭირო განტვირთვის დღეების მოწყობა?
- ზოგადად, დღესასწაულების შემდეგ რაც მალე დავუბრუნდებით ჯერად, დაბალანსებულ კვებას და მოვიწესრიგებთ ძილის რეჟიმს, მით უფრო ნაკლებად ვიგრძნობთ დღესასწაულებით გამოწვეულ ზედმეტ კილოგრამებს. ამაში კი განტვირთვის დღეები ძალიან დაგვეხმარება და აუცილებელიც კია მათი მოწყობა ისეთი გადატვირთული დღეების შემდეგ, როგორიც არის საქართველოში შობა–ახალი წელი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცდარია წარმოდგენა, თითქოს განტვირთვის დღეები მომატებულ კილოგრამებს დაგვაკლებინებს. ისინი ჩვენს მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენს, რის შემდეგაც უფრო იოლად ვუბრუნდებით ძველ რეჟიმს. რაც შეეხება კვებას, მაგალითად, შეგვიძლია მთელი დღის განმავლობაში მივიღოთ მხოლოდ 500 მლ კეფირი, 0,5 კგ კიტრი და 0,5 კგ ვაშლი.