თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელში“ გაისეირნა.
თბილისის ცენტრში რამდენიმე ადგილზე „საახალწლო სოფელი“ ოფიციალურად 24 დეკემბერს გაიხსნა და სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები იმართება.
სალომე ზურაბიშვილის გასეირნება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ობიექტივში მოხვდა.
პრეზიდენტმა ამჯერად დაარღვია პირობა ჟურნალისტებისთვის ქუჩაში ინტერვიუზე უარის შესახებ და საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა.
„დაე, ეს წელი ყველასთვის, თითოეული ოჯახისთვის ბედნიერი იყოს. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
„საახალწლო სოფელში“ დამონტაჟებულია მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები. დღის საათებში საახალწლო სოფელში პატარებისთვის იმართება გიგანტური სანტას მსვლელობა, საბავშვო-გასართობი შოუები და კონცერტები. უფროსი ასაკის სტუმრებისთვის „საახალწლო სოფლებში“ იმართება ანსამბლების, ბენდებისა და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები. მოწყობილია სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, საბავშვო ატრაქციონები, ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.
საახალწლო სოფელში ღონისძიებები 14 იანვრამდე გაიმართება.