თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. რუსეთის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის ლიდერები ბირთვული ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ, განცხადება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთის რესპუბლიკა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის თავიდან აცილებას და სტრატეგიული რისკების შემცირებას თავის უპირველეს პასუხისმგებლობად მიიჩნევს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხუთი ქვეყნის ლიდერის განმარტებით, ბირთვულ ომში გამარჯვებული არც ერთი მხარე არ იქნება, რადგან ბირთვული იარაღის გამოყენება სერიოზული შედეგების მომტანი იქნება. სახელმწიფოები ადასტურებენ, რომ ბირთვული იარაღი უნდა ემსახურებოდეს თავდაცვით მიზნებს, უნდა შეაჩეროს აგრესია და თავიდან აიცილოს ომი.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ ყველა სახელმწიფოსთან ერთად მუშაობის სურვილს, რათა შევქმნათ უსაფრთო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს განიარაღებასა და საბოლოო მიზნის მიღწევას, რაც გულისხმობს სამყაროს ბირთვული იარაღის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხუთი ქვეყნის ლიდერების განცხადებით, ისინი ვალდებულებას იღებენ ყველა ქვეყანასთან ერთად იმუშაონ უსაფრთხო გარემოს შექმნის და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს აშენების მიმართულებით.