ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი ულტიმატუმი: რა მოხდება 6 იანვარს?

უფლებადამცველების განცხადებით, სააკაშვილთან მათი შეხვედრისას კონფიდენციალურობა არ არის დაცული.
Sputnik
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას ახალი მოთხოვნები წაუყენა. ამის შესახებ ადვოკატებმა ჟურნალისტებთან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს.
ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს: კონფიდენციალურობის დაცვით გარე სამყაროსთან კომუნიკაციის აღდგენა და დამოუკიდებელი ექიმებისთვის მისი მონახულების უფლება.
თუთბერიძის თქმით, თუ აღნიშნული მოთხოვნები არ შესრულდება, სააკაშვილი 6 იანვრიდან „პროტესტის უკიდურეს ფორმას“ მიმართავს.

„მას არ შეუძლია ჩვენთვის რაიმეს გადმოცემა, ჩვენ ვერ ვახერხებთ წერილების დახმარებით ურთიერთობას. ჩვენ რაიმეს დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ წამოსვლის წინ გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, კომუნიკაციას არ უზრუნველყოფს. აზრების გაცვლასაც ვერ ვახერხებთ“, – განაცხადა თუთბერიძემ.

ადვოკატების თქმით, სააკაშვილთან ამ დრომდე არ უშვებენ დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბრის ღამეს გადაიყვანეს.
ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.