თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა (მამაკაცები) არგენტინასთან 0:3 წააგო ATP Cup–ზე, რომელიც ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში დაიწყო.
პირველ;ები Sydney Super Dome–ის კორტებზე გავიდნენ ფედერიკო დელბონისი (ATP–ს 44–ე ჩოგანი) და ალექსანდრე მეტრეველი (571). ჩოგბურთელების კლასში განსხვავება არსებითი იყო და არგენტინელმა ქართველს ორ სეტში სძლია 6:1, 6:2. ამისთვის მას ერთ საათზე ცოტა მეტი დრო დასჭირდა.
მეტი მოლოდინი იყო საქართველოს ნაკრების ლიდერის ნიკოლოზ ბასილაშვილისა (22) და დიეგო შვარცმანის შეხვედრისგან (13). მაგრამ ამ მატჩშიც ყველაფერი სწრაფად დასრულდა, ერთ საათზე ნაკლებ დროში – 1:6, 2:6.
წყვილთა შეხვედრა უკვე არაფერს წყვეტდა, მაგრამ აქაც არგენტინელებმა იმარჯვეს – გონსალეს/მოლტენის დუეტმა ფურცელაძე/ტყემალაძის წყვილს 6:1, 6:2 ანგარიშით სძლია.
D–ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთმა საბერძნეთი დაამარცხა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 3 იანვარს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.
ATP Cup–ის ამჟამაინდელ გათამაშებაში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები მონაწილეობს. ნახევარფინალში თითო ჯგუფიდან საუკეთესო გუნდი გავა.
ATP Cup–ში საქართველოს ნაკრები მეორედ მონაწილეობს. პირველად 2020 წელს მან ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
ATP Cup–ის მოქმედი გამარჯვებულია რუსეთის ნაკრები.