თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დაავადებებისა და პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის მე–11 განახლებაში ახალი პუნქტები შეიტანა.
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია–11 გამოქვეყნდა 2018 წლის ივნისში. ახალი დოკუმენტი კიდევ ერთხელ განიხილავს დაავადებათა კლასიფიკაციას, ასევე შემოაქვს ახალი სამედიცინო სტანდარტები და დაავადებები.
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია–11–ის მიხედვით, ფსიქიკური დარღვევის ახალ სახეობად არის აღიარებული კომპიუტერული და ვიდეო თამაშებით უზომო გატაცება.
დაავადების დიაგნოზისთვის ადამიანს მთელი წლის განმავლობაში უნდა აღენიშნებოდეს სათამაშო აშლილობების ნიშნები, რაც ნეგატიურად მოქმედებს ცხოვრების ოჯახურ, სოციალურ, საგანმანათლებლო, პროფესიულ და სხვა სფეროებზე.
კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლები თამაშებზე დამოკიდებულების დაავადებათა სიაში შეყვანის წინააღმდეგ წავიდნენ. ზოგიერთი ქვეყნის გასართობი პროგრამული უზრუნველყოფის ასოციაციებმა და ფედერაციებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ამგვარი ბნაბიჯი ობიექტური სამეცნიერო დასაბუთებისთვის არასაკმარისია.
მათი აზრით, თამაშებს „საგანმანათლებლოი და თერაპევტული“ ფუნქციები გააჩნია.
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია–11–ში სხვა სიახლეებიცაა. ცალკეა გამოყოფილი ემოციური „გადაწვის“, ანუ გადაღლილობის სინდრომი.
ის განთავსებულია განყოფილებაში „დასაქმებასთან და უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემა“ და აღწერილია, როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოფიტვა სამუშაოსთან დაკავშირებული ქრონიკული სტრესის შედეგად.
ამასთან ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჯერ ოფიციალურად განსაზღვრული დაავადებების რეესტრში არ შეუტანიათ.
ფსიქიკური აშლილობის ცალკე სახეობად გამოყვეს დისმორფოფობია – როდესაც ადამიანი უზომოდ არის შეშფოთებული უმნიშვნელო დეფექტით და თავისი სხეულის რამე განსაკუთრებულობით.
ასევე საკუთარი სხეულის მთლიანობაში აღქმის დარღვევის სინდრომი – ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროს ზოგადად ჯანმრთელ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი სხეულის მიღება ამპუტაციის ან დასახიჩრების გარეშე.
სექსუალური აშლილობის განყოფილებაში გადავა გენდერული დისფორია, ანუ გენდერული იდენტურობის აშლილობა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია სრულად მიიღოს თავისი, მამაკაცის ან ქალის გენდერული სტატუსი. აივ ინფექცია/შიდსი კი კლასიფიცირდება, როგორც ქრონიკული დაავადება.
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ახალი ვერსია სახელმწიფოებმა ფორმალურად აღიარეს 2019 წელს, ჯანდაცვის გებნერალური ასამბლეის 72–ე სესიაზე ჟენევაში. დოკუმენტი 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.
წყარო: РИА Новости