თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. წინასაახალწლო პერიოდში თბილისის დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებულმა 25–მა პირმა უკვე მიმართა, განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
ქაშიბაძის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები. ყველა მათგანს დახმარება ამბულატორიულად გაეწია და კლინიკაში არავინ მოუთავსებიათ.
„ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ უკვე დამწვრობის ცენტრში 25 პაციენტი შემოიყვანეს. საბედნიეროდ, არც ერთი შემთხვევა მძიმე არ იყო... ჩემი რეკომენდაცია არის ძალიან მკაცრი, რადგან ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ტრავმა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა. თუ მაინც და მაინც გვინდა აფეთქება, უსაფრთხოების ელემენტარული წესები მაინც უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ქაშიბაძემ.
წინასაახალწლოდ ე.წ. ასაფეთქებლების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება.
პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.