თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანია მფლობელს იცვლის

მსხვილი საერთაშორისო წყლის რესურსების მართვის კომპანია Georgia Water & Power–ისთვის 180 მლნ დოლარს გადაიხდის.
Sputnik
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. კომპანიამ Georgia Capital მიიღო გადაწყვეტილება, 80% წილი გაყიდოს შვილობილ კომპანია Georgia Global Utilities–ში, რომელიც თბილისის წყალგამანაწილებელ კომპანია Georgia Water & Power–ს (GWP) ფლობს.
მყიდველია კომპანია Aqualia, რომელთანაც გარიგება ორ ეტაპად შედგება. მისი ღირებულება 180 მლნ დოლარს შეადგენს.
გარიგების პირველი ეტაპი 2022 წლის იანვარში დასრულდება, ხოლო მეორე – ივლისში, როდესაც გამოისყიდიან Georgia Global Utilities–ის გამოშვებულ ობლიგაციებს.
„ჩვენი დირექტორთა საბჭო მიიჩნევს, რომ გაყიდვის ფასი ჩვენი ბიზნესის ძლიერ შეფასებას წარმოადგენს და ამ აქტივის ღირებულების მონეტიზირებით, რომელიც აჭარბებს მის ინევსტიციებს, ვიმედოვნებთ, დავადგინოთ დამატებითი მარკერი მთელი ჩვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულებაზე“, – განაცხადა Georgia Capital–ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.
Global Water Intelligence–ის ბოლო რეიტინგით (2021 წლის მარტი), Aqualia წყლის რესურსების მართვის კუთხით ევროპაში სიდიდით მეოთხე კომპანიაა და მეცხრე მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, რომელსაც ის ემსახურება.
ამჟამად Aqualia დაახლოებით 30 მლნ ადამიანს ემსახურება 17 ქვეყანაში: ალჟირი, არაბთა საამიროები, კოლუმბია, ჩილე, ჩეხეთი, ეკვადორი, ეგვიპტე, საფრანგეთი, იტალია, მექსიკა, ომანი, პორტუგალია, კატარი, რუმინეთი, საუდის არაბეთი, ესპანეთი, ტუნისი.