თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. თუ ახლახან აიცერით კორონავირუსზე, საახალწლოდ შესმული ერთი ან ორი ფუჟერი შამპანური არსებით ზიანს არ მოგაყენებთ, თუმცა ბევრი არ უნდა დალიოთ, აცხადებს გამალეის ცენტრის დირექტორი, ვირუსოლოგი ალექსანდრ გინცბურგი.
მისი თქმით, ესოდენ მცირე რაოდენობის შამპანური ანტისხეულების გამომუშავებას ვერ ავნებს.
„აუცილებელი არ არის, რომ ახალი წლის ღამით საერთოდ არ შესვათ ალკოჰოლი. ერთი ან ორი ფუჟერი ანტისხეულებს ხელს ვერ შეუშლის“, — აღნიშნა გინცბურგმა.
ამასთან მეცნიერმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმზე, „უარყოფით გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, თრგუნავს იმუნური უჯრედების მუშაობას და ავიწროებს სისხლძარღვებს“.
შესაბამისად, ჰიპერტონიისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის ეს ინსულტებისა და ინფარქტების კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ალკოჰოლით დაზიანებული იმუნიტეტის გამო, იზრდება კორონავირუსით ინფიცირების რისკი.